"8 მარტის შეთანხმებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი" - ასე აფასებს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მესამე სექტორი.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველ გუნდს შესასრულებელი რჩება შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც სამართლებრივ საქმეებს უკავშირდება. ამასთან, მათი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოოდ დასამტკიცებლად წინ კიდევ 2 კენჭისყრაა.
ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით დადებითი ნაბიჯები იდგმება.
"8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ, ცხადია, ეს არ არის ერთადერთი და საკმარისი ნაბიჯი. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა და ზოგადად არის წუხილები იმასთან დაკავშირებით, სრულდება თუ არა შეთანხმების მეორე ნაწილი, რომელიც ეხება მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებას პოლიტიკური მიზნით. იმედი მაქვს, რომ მომდევნო დღებში ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება", - აღნიშნა ბენიძემ.
EMC-ის იურისტი გურამ იმნაძე კი, ფიქრობს, რომ კანონპროექტის ჩავარდნის საფრთხე მაინც არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიცია მეორე და მესამე მოსმენას არ დაესწრება.
"ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ვისმენთ განცხადებებს, რომ თუკი არ შესრულდება შეთანხმების სხვა დანაპირები, ისინი არ დაუჭერენ მხარს კანონპროექტს. ეს კანონპროექტის ჩაგდების რისკებს ზრდის. აქ უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის. დღეს "ქართულ ოცნებას" ჰყავს საკმარისი დეპუტატი, რომ მეორე და მესამე მოსმენით კანონპროექტი მიიღოს, თუმცა მუდმივად არსებობს კანონპროექტის ჩავარდნის საფრთხე, რაც ნამდვილად არ იქნება კარგი“, - ამბობს იმნაძე.
შექმნილ ვითარებას მყიფედ აფასებს საია-ს ხელმძღვანელი სულხან სალაძე. სალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი პირველი მოსმენით მხარდაჭერილია, მისი ჩავარდნის საფრთხე მაინც არსებობს.
"მაინც მყიფე გამოდის ის რაოდენობა დეპუტატებისა, ვინც მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს ბეწვის ხიდზე გავლაა. არსებობს საფრთხე იმისა, რომ თუ მეორე მოსმენაზე "ევროპული საქართველო" არ მიიღებს მონაწილეობას, ერთი, ორი ან სამი დეპუტატი გამოაკლდება უმრავლესობას, ვინც მხარს უჭერს პროექტს, ცხადია, საფრთხე არსებობს“, - აღნიშნა სულხან სალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. სხდომას 142 დეპუტატი ესწრებოდა.